ისტორიული გამარჯვება Principality Stadium-ზე! - "ბორჯღალოსნებმა" უელსის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად კარდიფში, Principality Stadium-ზე, მასპინძელ უელსთან იმარჯვეს და წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელ გუნდს აჯობეს.
"ბორჯღალოსნები" უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება პირველად იზეიმეს.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა პირველსავე წუთზე, თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. დაწინაურების შემდეგ მოედანზე მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა საწყისი 15 წუთის გასვლის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რომლებმაც მე-19 წუთიდან ქულების მოპოვებაც დაიწყეს.
ოთხწუთიან მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ ლელოს დადება ჯეკ მორგანმა მოახერხა, რის პრისტლენდმა კი მხოლოდ ერთი გარდასახა - 12:3. უელსის დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეხვედრის მეორე ტაიმი თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, 51-ე წუთზე კი მსაჯმა უელსელებს მორაგბე გაუძევა - სანდრო თოდუასთან ორთაბრძოლისას წესები ალექს კატბერტმა დაარღვია.
მატჩის 58-ე წუთზე, უელსელთა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დანიშნული შერკინების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" კომბინაცია სანდრო თოდუამ ლელოთი დაასრულა, აბჟანადძემ გარდასახა და ანგარიშში სხვაობა კი 2 ქულამდე შემცირდა - 12:10.
მატჩის მიწურულს ლუკა მატკავამ დაახლოებით, 45 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დაწინაურდნენ - 12:13.
კარდიფში ბოლო წამები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქეთა მძლავრ შეტევებს გაუძლო და ისტორია დაწერა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის წელი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო თამაში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქვთ - 4 თებერვალს, შინ გერმანიასთან, უელსის წინააღმდეგ კი მორიგი, მეხუთე დაპირისპირება უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოუწევთ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში, საფრანგეთში გაიმართება.