იტალიის არჩევნები - მელონის თქმით, მემარჯვენე კოალიციას "მკაფიო" მანდატი აქვს
26 სექტემბერი, 2022

ეგზიტპოლების თანახმად, კვირას გამართულ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში, მემარჯვენე კოალიციამ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით უმრავლესობა მოიპოვა.
ორშაბათს მელონიმ განაცხადა, რომ იტალიელების მხრიდან მისი კოალიციის მხარდაჭერა "მკაფიო გზავნილი" იყო.
"თუ ჩვენ მოვალთ ქვეყნის მთავრობაში, ჩვენ ვიქნებით ყველა იტალიელის ხელისუფლება, ჩვენი მიზანი იქნება ხალხის გაერთიანება. ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ ის, რაც ხალხს აერთიანებს და არა ის, რაც მათ ჰყოფს. ჩვენ თქვენ იმედებს არ გაგიცრუებთ", - განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეგზიტპოლების მონაცემებით, კოალიციამ "იტალიის ძმები" მელონის მეთაურობით ხმების დაახლოებით 45% მიიღო, მათ შორის თვითონ მელონის პარტიას ხმების 26% ჰქონდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, არჩევნებში საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.
ჯორჯია მელონის წინასაარჩევნო ლოზუნგი "ღმერთი, სამშობლო და ოჯახი" იყო.