ივა ჭყონია - ბოსფორის თემაზე გაცილებით დიდი პრობლემა ლარის არასტაბილურობაა
2 სექტემბერი, 2022

ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ბოსფორზე დაწესებული გაზრდილი გადასახადი, ამ ეტაპზე, ნაკლებად მტკივნეულად აისახება საქართველოზე. მისივე თქმით, გაცილებით დიდ პრობლემას ლარის არასტაბილურობა წარმოადგენს.
„ახლა იმისი საფრთხე, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გატარების საფასურის ზრდით რომელიმე პროდუქტი გაძვირდება, ჯერჯერობით ნამდვილად არ არის. თუმცა, იმპორტიორებისა და გადამზიდავებისაგან ველოდები ინფორმაციის დაზუსტებას და ამის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება თქმა. ამ ეტაპზე არ ვიცი, რა იქნება მომავალში.
თუმცა, ბოსფორზე უფრო მეტი პრობლემა არასტაბილური ლარია. ფასებმა გაიაფება რომ დაიწყო, ლარი მაშინვე 3-იან ნიშნულს მიუახლოვდა. თითქმის ყოველდღიურად 4-5 პუნქტით უფასურდება და ეს არის კატასტროფა. სწორედ ეს არის საკმაოდ პრობლემატური საკითხი. როგორც კი 3-იან ნიშნულს ასცდება ლარი, ფასები ავტომატურად ისევ ზრდას დაიწყებს“, - აცხადებს ივა ჭყონია.
ცნობისათვის, 7 ოქტომბრიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ გაზრდის. განკარგულების თანახმად, 1 ტონაზე გადასახადი 0.8 დოლარიდან 4 დოლარამდე მოიმატებს, რამაც შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე უნდა გაზარდოს.