ჯეიკ სალივანის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებში არ ჩაერევა
25 სექტემბერი, 2022

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის თქმით, დასავლეთი არ აპირებს რუსეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. მისივე განცხადებით, რუსმა ხალხმა თვითონ უნდა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამის მაგივრად, აშშ უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში სალივანმა კომენტარი გააკეთა, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, რუსეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე და დიდი რაოდენობით მოსახლეობის გადინებაზე.
"რუსეთის პოლიტიკური მომავალი ნაკარნახები უნდა იყოს არა ვაშინგტონის ან ევროპის მხრიდან, არამედ თვითონ რუსეთში მცხოვრები ხალხის მიერ", - განაცხადა სალივანმა.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე კონცეტრაცია, სადაც მეტი სარგებელის მოტანა შეგვიძლია. ამის გაკეთება კი უკრაინის რეალური, თანამიმდევრული და ეფექტური დახმარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ და ამასვე გავაგრძელებთ", - განმარტა სალივანმა.
სალივანმა აღიარა, რომ აშშ-ს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს რუსეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარება. ამასთან დაკავშირებით, მან ერნესტ ჰემინგუეის ციტატა მოიშველია - გაკოტრების შესახებ, რომელიც თანდათანობით, მაგრამ მოულოდნელად გატყდება თავს.