ჯეიმს ვებმა შორეული პლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა
25 აგვისტო, 2022

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა მდებარე ერთ-ერთი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებობის პირველი აშკარა მტკიცებულება გადაიღო. ეგზოპლანეტა გაზის გიგანტის ტიპისაა და გარს უვლის ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მზის მსგავს ვარსკვლავს. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან ცნობებს მოგვაწვდის პლანეტის შემადგენლობისა და წარმოქმნის შესახებ. აღმოჩენის შესახებ პუბლიკაცია მალე ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება და წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მომავალში, ჯეიმს ვები ნახშირორჟანგის დაფიქსირებას და გაზომვას უფრო პატარა, კლდოვან პლანეტათა თხელ ატმოსფეროშიც შეძლებს.

მსგავსი: ჯეიმს ვები უკვე საკუთარ რეკორდებს ხსნის —...
WASP-39 b ცხელი გაზის გიგანტი პლანეტაა და აქვს იუპიტერის მასის დაახლოებით ერთი-მეოთხედი (თითქმის სატურნის მსგავსი მასა), მაგრამ მისი დიამეტრი იუპიტერისას 1,3-ჯერ აჭარბებს. მისი ასეთი გაბერილობა ნაწილობრივ განპირობებულია მაღალი ტემპერატურით — დაახლოებით 900 გრადუსი ცელსიუსი. მზის სისტემაში არსებული უფრო ცივი, კომპაქტური გაზის გიგანტებისგან განსხვავებით, WASP-39 b თავის დედავარსკვლავის გარშემო საკმაოდ ახლო მანძილიდან მოძრაობს — მერკურისა და მზეს შორის არსებული მანძილის დაახლოებით ერთი-მერვედიდან; ერთ გარშემოვლას კი სულ რაღაც ოთხ დღეს ანდომებს. ეს პლანეტა 2011 წელს აღმოაჩინეს მიწისპირა ტელესკოპებით, ტრანზიტის მეთოდით. როდესაც თავის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას პლანეტა ვარსკვლავსა და ჩვენ შორის ექცევა, იწვევს მისი სინათლის პერიოდულ ჩაბნელებას. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ასტრონომები ტრანზიტს. წინა დაკვირვებების შედეგად, მათ შორის NASA-ს ჰაბლის და სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპით, ამ პლანეტის ატმოსფეროში დადასტურდა წყლის ორთქლის, ნატრიუმისა და კალიუმის არსებობა. ვების განუმეორებელმა ინფრაწითელმა მგრძნობელობამ იქ ახლა უკვე ნახშირორჟანგის არსებობაც დაადასტურა.
ვარსკვლავის გაფილტრული სინათლე

მსგავსი: ჯეიმს ვებმა ურმის თვლის გალაქტიკა უპრეცედენტო...
WASP-39 b-ის მსგავსი ტრანზიტული პლანეტები, რომელთა ორბიტებსაც გვერდიდან ვაკვირდებით და არა ზემოდან, მკვლევრებს პლანეტის ატმოსფეროს შესწავლის იდეალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
ტრანზიტის დროს, ვარსკვლავის სინათლის ნაწილს პლანეტა მთლიანად აბნელებს, ნაწილი კი მის ატმოსფეროში გაივლის.
იმის გამო, რომ სხვადასხვა აირები ფერთა სხვადასხვა კომბინაციას შთანთქავს, მკვლევრებს შეუძლიათ შეისწავლონ გამოსხივებული სპექტრის ტალღის სიგრძეებში სიკაშკაშის მცირე სხვაობები და შედეგად, განსაზღვრონ, ზუსტად რისგან შედგება ატმოსფერო. გაბერილი ატმოსფეროსა და ხშირი ტრანზიტების გამო, WASP-39 იდეალური სამიზნეა გამოსხივების სპექტროსკოპიისთვიის.
