ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რაც აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის
2 სექტემბერი, 2022

ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რაც აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება ფილადელფიაში მდებარე იმ დარბაზიდან გააკეთა, სადაც აშშ-ის კონსტიტუციას მოეწერა ხელი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი, რომელთაც რესპუბლიკურ პარტიაზე დიდი გავლენა აქვთ, ქვეყანას წარსულში აბრუნებენ.
მისივე განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების ნაწილი 2020 წლის კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეებს არა დემოკრატიაზე თავდამსხმელებად, არამედ პატრიოტებად მიიჩნევს.
„დონალდ ტრამპი და მისი „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადის“ (Make America Great Again" - MAGA) მხარდამჭერები წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც ემუქრება ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს.
მინდა, მკაფიოდ ვთქვა. მე არ ვსაუბრობ ყველა რესპუბლიკელზე, რესპუბლიკელების უმრავლესობაც კი არ გახლავათ „გავხადოთ ამერიკა ისე დიადის“ მხარდამჭერი. ყველა რესპუბლიკელი არ არის მათი ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდამჭერი. მე ვიცი, რადგან მქონდა საშუალება, მემუშავა რესპუბლიკელების ამ ნაწილთან. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დღეს რესპუბლიკურ პარტიაში დომინირებენ, მას მართავენ და აშინებენ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერი რესპუბლიკელები. და ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ ძალებს სურთ ქვეყნის წარსულში დაბრუნება, სადაც არჩევანის უფლება არ არსებობს. ისინი მხარს უჭერენ ავტორიტარ ლიდერებს და პოლიტიკური ძალადობის ცეცხლს აღვივებენ, რაც საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უფლებებისთვის, სამართლიანობისკენ მისწრაფებისთვის, კანონის უზენაესობის და ამ ქვეყნის სულისთვის. ისინი 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეებს (რომლებიც თავს დაესხნენ სამართალდამცველებს), მიიჩნევენ არა ამბოხებულებად, რომლებმაც დანა გამოუსვეს ყელში ჩვენს დემოკრატიას, არამედ - პატრიოტებად“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გასულ კვირას ბაიდენმა, როგორც თავად უწოდა "ექსტრემისტი" რესპუბლიკელები "ნახევრად ფაშიზმს" გაუთანაბრა.