ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს პოლიტიკას ღაზის სექტორთან მიმართებაში შეცდომა უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ღაზის სექტორთან მიმართებით შეცდომა უწოდა. ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ საავტომობილო კოლონაზე მიტანილი იერიში, რასაც ამ ორგანიზაციის შვიდი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიასთან ინტერვიუში ბაიდენმა ისრაელს დროებითი ზავისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, რაც მისივე თქმით, „შემდეგი 6-8 კვირა უნდა გაგრძელდეს“.
„ვფიქრობ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეცდომას უშვებს. მე მის მიდგომას არ ვეთანხმები. გამოვდივარ მოწოდებით, რომ ცეცხლი შეწყდეს და შემდეგი 6-8 კვირის განმავლობაში ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების სრული წვდომა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ბაიდენმა.