ჯონ კირბი - დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მაგრამ აშშ-ში არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება
4 სექტემბერი, 2022

რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში.
ჯონ კირბიმ ისაუბრა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.
„რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო ასე არ ისაუბრებდა და არ დაიმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით. ჩვენ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებითდა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ, გავიგოთ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია. აშშ-ის პრეზიდენტს აწუხებს ჩვენი საკუთარი სტრატეგიული პოზიცია და მზადყოფნა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მოკავშირეები და პარტნიორები“, – განაცხადა კირბიმ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ასევე ისაუბრა რუსი მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებაზე და აღნიშნა, რომ აშშ არ არის მომხრე, ვიზებზე შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.
„ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები რუსების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ იმისთვის, რასაც ის უკრაინაში აკეთებს; პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მის ოლიგარქიას, რომლებიც გარეულნი არიან უკრაინის ომში, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება; ვფიქრობთ, რომ ომი არ უნდა გარდავქმნათ მთელი რუსი ხალხის წინააღმდეგ. რუსი ხალხი არ უნდა დავადანაშაულოთ ომში, პუტინი და მისი კაბინეტი აწარმოებენ ამ არაკანონიერ და უმიზეზო ომს უკრაინაში და რუსები არ უნდა ისჯებოდნენ ამისთვის“, – განაცხადა კირბიმ.