ჯონ კირბი - რუსეთი ნიშნავს მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში, ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება, არ დავუშვებთ, ეს დაუსჯელი დარჩეს
20 ივლისი, 2022
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას უყრის საფუძველს და მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში არალეგიტიმურ, მარიონეტულ ლიდერებს ნიშნავს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
მისი თქმით, რუსები გეგმავენ, მოაწყონ „მოჩვენებითი რეფერენდუმები“ მათ მიერ მიტაცებულ რაიონებში, შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში, ასევე ემზადებიან ადგილზე რუბლის, როგორც ძირითადი ვალუტის შესატანად და ადგილობრივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ. ანექსიისთვის განკუთვნილი ტერიტორიები მოიცავს ხერსონს, ზაპოროჟიეს, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ტერიტორიას.
კირბის განცხადებით, რუსეთი ასევე ცდილობს, აიღოს კონტროლი სამაუწყებლო ანძებზე.
„რუსეთი იწყებს იმ ვერსიის გამოშვებას, რომელსაც შეიძლება, ეწოდოს ანექსია და ეს ძალიან ჰგავს 2014 წელს, როდესაც ის შეიჭრა ყირიმში და მისი ანექსია მოახდინა. რუსეთი უკვე ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში. ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს დაუსჯელი“, – აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.