ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ესტუმრება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, მას საშუალებას მისცემს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი განიხილოს და ასევე უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე აზრები გაცვალოს.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბორელი ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება.
„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართოს.
უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ ევროკავშირის ერთგულებას ასახავს. ის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.