ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი მთავრობის არჩეული გზა და პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში
15 სექტემბერი, 2022

"ჩვენი მთავრობის დაანონსებული და არჩეული გზა და პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მარტო კავკასიის რეგიონს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ როლი შევასრულოთ მშვიდობაში. ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი რეგიონის მასშტაბით. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი როლი აქ იქნება მხოლოდ მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის იმ მოლაპარაკებების ინიციატორები ვიქნებით, სადაც საშუალება გვექნება. ეს იქნება ტყვეთა გაცვლა თუ რაიმე ქმედება. ეს იყო პრემიერის ინიციატივა და ეს იყო სამაგალითო ყველასთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა. "ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენს რეალობაში მყოფ ქვეყანას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ხელისუფლების უპირველესი მიზანი საქართველოს უსაფრთხოებაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ არ ვართ რომელიმე კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მაღალი საფრთხის მატარებელი ვართ. ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
