კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება
კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს, ტელეკომპანია „ეიბისი"-ს ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ ისინი დებატებში მონაწილეობას მიიღებენ“, – აღნიშნავენ „ეიბისი"-ში.
მანამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს: 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსზე“, 10 სექტემბერს „ენბისიზე“, ხოლო 25 სექტემბერს „ეიბისიზე“.
ცნობისთვის, იქამდე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის თანახმა იყო, დებატები კვლავ 10 სექტემბერს, „ეიბისის“ ეთერში შემდგარიყო.
როგორც კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მოხარულია, რომ ტრამპი დებატებს საბოლოოდ დათანხმდა. "10 სექტემბერს მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ტრამპი მოვა“, – განაცხადა ჰარისმა.