„ქართული ოცნება“ შესაძლოა, პარლამენტის მიერ რიგი თანამდებობის პირების არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდეს
20 სექტემბერი, 2022
„ქართული ოცნება“ შესაძლოა, პარლამენტის მიერ რიგი თანამდებობის პირების არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდეს. აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის მიერ მომზადებული ცვლილებებით, პარლამენტი მომავალ სახალხო დამცველს ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით აირჩევს. იოსელიანის შეთავაზებას “ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. როგორც სესიაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არგუმენტები იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ფარული სხვა თანამდებობის პირების არჩევის პროცედურა, არ არსებობს. „თუკი პარლამენტის წევრს იმის თავი არა აქვს ახსნას, დაადასტუროს, მხარი დაუჭიროს საკუთარ გადაწყვეტილებებს და თქვას, თუ რატომ დაუჭირა ამა თუ იმ კანდიდატს მხარი, პარლამენტის წევრი საერთოდ არ უნდა იყოს. თუ ვინმეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს, დიდი სიამოვნებით მოვისმენ. არ არსებობს არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ღია კენჭისყრა ომბუდსმენის არჩევის შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს ფარული - სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. თუ ოპონენტებს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები გააჩნიათ, თქვან“, - განაცხადა მდინარაძემ სესიაზე და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ საკითხის დაყენებას აპირებს და არგუმენტაციისთვის მოემზადონ.
პარლამენტში ფარული კენჭისყრის შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. “სახალხო დამცველის ღია პროცედურით არჩევის საკითხის დაყენებამ აჩვენა, რომ გვაქვს პროცედურები - ზოგი ღია, ზოგი - დახურული. მაგალითად, დღეს გენერალური აუდიტორს ავირჩევთ, რაც არის ღია. საქსტატის წევრებს რომ ვირჩევდეთ, კენჭისყრა დახურული იქნებოდა. ამან დაგვაფიქრა, რა ლოგიკაა აქ ჩადებული. გვაქვს ზოგი დახურული, ზოგი ღია კენჭისყრა და პრინციპს ვერ ვხდებით, რა პრინციპი ჩაიდო თავის დროზე პარლამენტის რეგლამენტში. კონსტიტუციის მიხედვით, ფარული კენჭისყრა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას არის განსაზღვრული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სახალხო დამცველის გარდა, ფარული კენჭისყრით ირჩევს: საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გენერალურ პროკურორს. კენჭისყრა ასევე ფარულია პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას.