„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.
„მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
„მინდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის ყრილობამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა.