ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროების გარბენით აღინიშნა
აგვისტო, 2022

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრიგადის გენერალმა, როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა, ჯონ მაიკლ ფუჩკომ საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის, საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
