ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2022 წლის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებმაც შეიტყვეს. მოახლოვებულ ტურნირში საქართველოს 9 კაცი და 2 ქალი წარმომადგენელი ეყოლება.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაებმებიან. მარგველაშვილი ბაჰრეინის წარმომადგენელ რამაზან კოძაკოვს შეხვდება, თუთაშვილის მეტოქე კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი იქნება.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი განთესვით იქნება ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მე-2 რაუნდში ადილ ოსმანოვს (მოლდოვა) შეხვდება.
2 წარმომადგენელი გვეყოლება 81 კგ-ში: გიორგი შერაზადიშვილი შამილ ძავბატიროვს (გერმანია) დაუპირისპირდება, ხოლო ვლადიმერ ახალკაცის მეტოქე უზბეკი რამაზონ ალაბერდიევი იქნება.
ლუკა მაისურაძე (90 კგ.) მე-2 წრეში აზერბაიჯანელ ნიჰატ შიხალიზადას გაეჯიბრება, ილია სულამანიძე (100 კგ.) კი ყაზახ იერკანატ მოლდაგულოვთან იჭიდავებს.
მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ტატამიზე მე-2 ეტაპიდან გავლენ საბა ინანეიშვილი და გურამ თუშიშვილი. ინანეიშვილის მოწინააღმდეგე სლოვაკი მარიუს ფიზელი იქნება, ხოლო თუშიშვილი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზახანოვსა და ჩილელ ფრანსისკო სოლისს უმჯობესს დაელოდება.
ქალთა ტურნირში ნინო გულბანის (70 კგ.) პირისპირ თურქი მინელ აკდენიზი დადგება, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი სერბი მილიცა ზაბიჩისა და პოლონელი კინგა ვოლჟჩაკის წყვილს გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბაქოს გრანდ სლემზე 61 ქვეყნის 366 მონაწილე დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 4 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 5-ში – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 6-ში – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.