კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა
29 ივლისი, 2022
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.
როგორც მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა, აშშ მოუთმენლად ელის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებას.
„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა მოამზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას" ,-განაცხადა კელი დეგნანმა.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა. მათი ინფორმაციით, პროექტების საშუალებით, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ქართულ ძეგლებს, აღდგენითი და სხვა სახის სამუშაოები ჩაუტარდა, მათ შორისაა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ჯვრის მონასტერი, თეთრი უდაბნოს ფრესკები და სხვა ძეგლები.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა (AFCP) საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი, თითქმის 2 000 000 ამერიკული დოლარის საერთო ღირებულებით დააფინანსა, მათ შორის არის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის, 2020 წელს გამოყოფილი 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი.
დაფინანსებული პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის მრავალ მიმართულებას მოიცავს, ეს არის ქართული ფოლკლორული მუსიკა, გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ხუთი პროექტი, ატენის სიონის ტაძრის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული ხელნაწერებისა და დოკუმენტების გაციფრულებისთვის განკუთვნილი პროექტი და სხვა.