კიევი ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს
21 აგვისტო, 2022

გასულ ღამეს მოსკოვის რეგიონში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც რუსი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
მისი აზრით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის გასაზრდელად, რათა გაიზარდოს უკრაინის მიმართ სიძულვილის ხარისხი, ასევე შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაცია.
ზოგიერთი ცნობით, თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, თავად ალექსანდრე დუგინი იყო, რომელმაც სხვა მანქანით წასვლა ბოლო მომენტში გადაწყვიტა.
