კულტურის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში წიგნის „LIBER AMICORUM – მინდია უგრეხელიძე 80“ პრეზენტაცია გაიმართა
29 სექტემბერი, 2022

კულტურის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში წიგნის „LIBER AMICORUM – მინდია უგრეხელიძე 80“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მოწვეული იყო ქართველი სამართალმცოდნე, იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ქართულ სამართალმცოდნეობაში მინდია უგრეხელიძის როლსა და ღვაწლზე ისაუბრა.
„როდესაც ვსაუბრობთ მინდია უგრეხელიძის როლზე არა მხოლოდ ქართულ სამართალმცოდნეობაში და მართლმსაჯულებაში, არამედ საზოგადოებაში, ვფიქრობ, სწორედ საზოგადოების განვითარების ნაწილიცაა ჰყავდეს ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებიც მისაბაძი მაგალითი იქნებიან სხვადასხვა თაობისთვის. წელს მისი საიუბილეო წელია, მინდა მივულოცო. გამოცემა, რომელიც მის იუბილეს ეძღვნება, კარგად უყრის თავს იმ დამსახურებებს, დამოკიდებულებებს, ფილოსოფიას, რასაც უკავშირდება ბატონი მინდიას სახელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ წიგნის პრეზენტაციაზე, ქართველი ერისა და ქართული მეცნიერების წინაშე მინდია უგრეხელიძის ღვაწლსა და როლზე ისაუბრა.
„დიდია მინდია უგრეხელიძის ღვაწლი ქართველი ერისა და ქართული მეცნიერების წინაშე. ბევრი რამ დაიწერა და ითქვა მის იუბილესთან დაკავშირებით და გამოიცა წიგნი, სადაც წარმოჩენილია ბატონი მინდიას პიროვნება და მისი მოღვაწეობა. ახალშექმნილი კულტურის კომიტეტისთვის დიდი პატივია, რომ ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მთავარი ფიგურაა. მისი პროფესიონალური რჩევები ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. მან სამართლებრივი მატერია გააერთიანა სამი სიტყვის ფორმულაში - სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა. მან სამართლის ცნება ადრეული ტრადიციული განსაზღვრებიდან განსხვავებით სრულიად ახლებურად განმარტა და ხელოვნების რანგში აიყვანა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
წიგნის ავტორის, ბექა ქანთარიას განცხადებით, წიგნი საფუძველს უდებს ახალ მიმართულებას სამართლის მეცნიერებაში.
„წარმოდგენილი წიგნი საფუძველს უდებს და აყალიბებს ახალ მიმართულებას სამართლის მეცნიერებაში, რასაც სამართლის პერსონოლოგია ეწოდება, რომელიც წარმოაჩენს რომელიმე პიროვნების როლსა და დამსახურებას სამართლის განვითარების საქმეში“, - განაცხადა ბექა ქანთარიამ.
მინდია უგრეხელიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტსა და კულტურის კომიტეტს.
„არსებობს ადამიანი და პოლიტიკური მიმართულება, რომელმაც მოინდომა, როცა „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მაშინ რამდენიმე მიმართულება დაისახა და ერთ-ერთი მიმართულება ჩამბარდა, სამწუხაროდ, ვერ დავთანხმდებოდი ჩემი საქმიანობის პარტიულ გაგრძელებას, რადგან ბუნებითაც და პროფესიითაც ვარ სრულიად ნეიტრალური ადამიანი, ამიტომ ვაგრძელებ იმავე პოზიციიდან თანამშრომლობას და არა მარტო თანამშრომლობას, არამედ მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში, მხარდაჭერას იმ ძალებისა, რომელსაც ძალიან ვენდობი - ეს არის ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.
ღონისძიებას დეპუტატები და კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.