ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 14 დეკემბრიდან ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.
მათივე ცნობით, ALAMO - ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ბიუჯეტურ ავტომობილებს შესთავაზებს, ENTERPRISE rent a car - საბაზისოს, ხოლო NATIONAL პრემიუმ კლასის ავტომობილებს. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების სერვისი ჩვენს აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100 ზე მეტ ქვეყანაში 9,500 ზე მეტი ლოკაციით, დასაქმებული ჰყავს 80,000 მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი.