ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
26 სექტემბერი, 2022

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ინიციტივით, გამოფენა გაიხსნა, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფრომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
გამოფენის გახსნას ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ქუთაისი ამაყობს, რომ აქ ისეთი გენიალური მხატვარი დაიბადა, როგორიც პეტრე ოცხელია. მისმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო. დღეს პირველად გვეძლევა საშუალება, პეტრე ოცხელის 100-მდე ნამუშევარი ერთად თავმოყრილი ვიხილოთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლეს და პირადად ბატონ გიორგი კალანდიას.
ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება, რომ ეს საინტერესო ექსპოზიცია დაათვალიერონ", - განაცხადა ხახალეიშვილმა.
გალერეის კედელზე პეტრე ოცხელის ცნობილი ნახატის, „მფრინავი მღებავის" მანათობელი ილუსტრაცია განთავსდა. პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცედენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება.