"კვარაშოუ" ამჯერად ამსტერდამში - სპალეტის ბიჭებმა "აიაქსი" გაანადგურეს
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში იტალიურმა „ნაპოლიმ“ ამსტერდამში, მასპინძელი „აიაქსი“ დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა და A ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი 21 წლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან 17 წლის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კვლავ ქართული გოლი გავიდა. ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე 2005/2006 წლების სეზონში „შალკეს“ მაისურით ლევან კობიაშვილმა ნიდერლანდურ „პსვ“-ს გაუტანა.
ამსტერდამის „აიაქსი“ მატჩის საწყის წუთებშივე დაწინაურდა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა. როგორც ჩანს, მე-9 წუთზე მოჰამედ კუდუსის გოლმა ლუჩანო სპალეტის შეგირდები „გააბრაზა“ და „ნეაპოლიტანური შოუც“ დაიწყო. შეხვედრის მე-16 წუთზე პირველი რეალური მომენტი ქართველმა შემტევმა შექმნა, ამსტერდამელთა მეკარეს პოზიციები დაკარგული ჰქონდა, კვარაცხელიამ კი შორეული დარტყმა შეასრულა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთი წუთი არ იყო გასული, „ნაპოლიმ“ გოლის გატანა მაინც მოახერხა - მატიას ოლივიერას ჩაწოდებულ ბურთს ჯაკომო რასპადორი ადგილზე დახვდა და ანგარიში გაათანაბრა.
ნეაპოლელთა მეორე გოლში კვარაცხელიამ უკვე უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, 33-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩააწოდა და კაპიტან, დი ლორენცოს გაატანინა - ეს ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას მეორე საგოლე გადაცემა იყო (პირველად ხვიჩამ ასისტი „ლივერპულის“ წინააღმდეგ შეასრულა). პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იტალიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ამჯერად გოლი პიოტრ ჟელინსკის ანგარიშზეა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარიც შესანიშნავად დაიწყო და 48-ე წუთზე, ფრანკ ზამბო ანგისას კარგი პასის შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ დუბლი შეასრულა. მატჩის 63-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჯერიც მოვიდა, ქართველმა ფეხბურთელმა მცირე ტრავმის მიუხედავად რასპადორისთან „კედელი“ გაითამაშა და „ნაპოლის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი გამოჩნდა. მატჩის ბოლოს „ნაპოლიმ“ 4-ბურთიანი უპირატესობა არ იკმარა და ამსტერდამელებს შეცვლაზე შემოსულმა ჯოვანი სიმეონემაც გაუტანა (81’).
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის კვარაცხელიას შესახებ საუბარი არც ამ შემთხვევაში დაავიწყდა. იტალიელმა სპეციალისტმა ქართველ ფეხბურთელზე დადებითად ისაუბრა, თუმცა კვლავ გუნდური თამაშის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც სპალეტიმ აღნიშნა, კვარაცხელიამ რამდენიმე ეპიზოდში საჭირო პასი არ გააკეთა, თუმცა მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.
„ჩვენ ინდივიდუალურად კარგი ხარისხი გვაქვს, თუმცა გუნდურობა და თანაგუნდელისთვის ხელმისაწვდომობა არასდროს უნდა დაიკარგოს, ლოსანომ და კვარაცხელიამ დაცვაშიც ბევრი სამუშაო შეასრულეს. გარდა ამისა, კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს ბურთი არ გადააწოდა“, - განაცხადა სპალეტიმ.
მართალია გამოცდილმა სპეციალისტმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კვლავ თავშეკავებულად ისაუბრა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაში იტალიური მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
Tuttonapoli: „ორმაგ დაცვას ეთამაშებიან, ფეხებშიც ურტყამენ, მაგრამ ის მაინც ბრწყინავს. ყოველთვის ახერხებს სასარგებლო იყოს დრიბლინგის დროს თუ უბურთოდ“.
Calcionapoli1926: „პრაქტიკულად შეუჩერებელი. ცალი ფეხითაც კი გაიტანა. სხვა რამის დამატება ზედმეტია. მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა“.
Sportmediaset: „სხვა შემთხვევებთან შედარებით ნაკლებად ცქრიალა იყო, რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა, მაგრამ შემდეგ დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, რამაც მატჩი გადაატრიალა. მეორე ტაიმში კი, სანამ მოედანს დატოვებდა, გოლიც გაიტანა“.
ვან გოგი? არა, კვარავაჯო! - ეს კი „ნაპოლის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის სათაურია.
საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასე გამოიყურება: 11 მატჩი, 6 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგაზე 21 წლის ფეხბურთელის აქტივში 1 გოლი, 2 საგოლე პასი და მოპოვებული თერთმეტმეტრიანია.
სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატში, „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს, 12 ოქტომბერს კი „ნაპოლი“ ამსტერდამის „აიაქსს“ უკვე „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში უდანაკარგოდ ასპარეზობს და ჯერ არ დამარცხებულა. იტალიელები ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ, სპალეტის გუნდი ასევე პირველ ადგილს იკავებს შიდა ჩემპიონატში (Seria A).