erimedia_ravk/seedq5gSR.jpeg

ლევილის მამულში ქართული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები იმართება

ამბები
ლევილის მამულში ქართული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები იმართება
ამბები

ლევილის მამულში ქართული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები იმართება

erimedia_ravk/seedq5gSR.jpeg
20 აგვ

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები წარმატებით მიმდინარეობს. 19 აგვისტოს სტუმრების წინაშე წარდგნენ ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. სტუმრები ასევე დაესწრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა (რეჟისორი ვანო ხუციშვილი). აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტოს ღონისძიებას ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი და უცხოელი სტუმარი დაესწრო, რაც მოწმობს, რომ ფესტივალმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის“, შემოქმედებას გაეცნობა და კვლავ ნახავს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველად იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს, თუმცა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა, კერძოდ, 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობენ როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძოდ: საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი („იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი „ბასიანი“, ქუთაისის კამერული გუნდი, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი („ხალდე“ და „ჩემო კალამო“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე), ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. დღემდე აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეტაპობრივად ახლდება მამულის სხვადასხვა ნაწილი.

მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

erimedia_ravk/xmNK3cRSR.jpeg
erimedia_ravk/6yoF3cgIg.jpeg
erimedia_ravk/0wBFq5RIg.jpeg
erimedia_ravk/Vi6Fq5gSR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო