მამუკა არეშიძე - პუტინის ამ გადაწყვეტილების გამო, რუსეთში უკმაყოფილება ყოველწუთიერად იზრდება და ეს ხელისუფლებაშიც იგრძნობა. ახალგაზრდებმა აქციის მოწყობაც კი გაბედეს
21 სექტემბერი, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.
„ვსაუბრობთ აუცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე“, - აღნიშნა პუტინმა მიმართვაში.
როგორი იქნება რუსი ხალხის რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე, რა რესურსი დარჩა რუსეთს ომის მასშტაბების გაზრდისთვის და რამდენად შეცვლის ფრონტის სურათს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- რუსეთის მოსახლეობამ უკვე გამოხატა უკმაყოფილება პუტინის ამ გადაწყვეტილების გამო. უფრო მეტსაც გეტყვით, უკმაყოფილება ყოველწუთიერად იზრდება და ეს ძალიან კარგად ჩანს სხვადასხვა პლატფორმაზე, სოციალურ ქსელებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად აქტიურობენ ახალგაზრდები. პეტერბურგში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა აქციის მოწყობაც კი გაბედეს. ხელისუფლებაშიც კი იგრძნობა პუტინისადმი უკმაყოფილება. ზოგადად, დღეს რუსეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, ერთია საპენსიო რეფორმის არასწორი გეზი, რომელიც მოსახლეობას შემოსავლებს უზღუდავს და მეორეა საფინანსო პოლიტიკა, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია, სანქციების გამო. რომ გითხრათ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მთლიან რუსეთში შეიცვალა განწყობები-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ ანტიპუტინისტური ჯგუფები უკვე გაჩნდა. მთელ ამ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს საკუთარი მოხალისეთა ბატალიონების შექმნა დაავალა. ეს ბატალიონები ნაციონალურ რესპუბლიკებში ერთიანი ეთნიკური შემადგენლობების არის, რაც სერიოზული ხიფათის შემცველია. რუსეთის პერიფერიებში გაჩნდა განწყობა, რომ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ. ნაციონალური ბატალიონების შეცვლა რუსეთისთვის იმ თვალსაზრისითაც სახიფათოა, რომ უკრაინაში მარცხის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა რუსეთს შემოუბრუნდნენ. ასეთი მაგალითები რუსეთის ისტორიაში ადრეც ყოფილა. რაც შეეხება კონკრეტულად მობილიზაციას, ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც სამხედრო სამსახური გაიარეს და უკვე რეზერვში არიან და ასევე მათ, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. რუსი ხალხისთვის ერთგვარი შეღავათია, რომ ფრონტის ხაზზე პირტიტველა, გამოუცდელ ბიჭებს არ უშვებენ, მაგრამ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ზრდასრული ადამიანების დიდი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია სხვადასხვა სფეროში, ომში წასვლა ვისაც უნდოდა, ის უკვე წავიდა მოხალისედ. ე.ი. დასაქმებული ადამიანები უნდა მოწყდნენ საკუთარ საქმეს და წაგებულ ომში უნდა წავიდნენ.
- რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს. რამდენად შეესაბამება ეს ციფრები რეალობას?
- 25 მილიონის რა გითხრათ, მაგრამ იმ რაოდენობის ადამიანის მობილიზება ნამდვილად შეუძლიათ, რომ რიცხობრივი თვალსაზრისით გარდატეხა შეიტანონ ფრონტის ხაზზე. 5 მილიონის მობილიზებაც რომ შეძლოს, ესეც ძალიან ბევრია. მაგრამ ამ 5 მილიონ ადამიანს შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა სჭირდება. იარაღისა და ტექნიკის დიდი ნაწილი კი უკვე გამოყენებული და დაკარგულია. პრაქტიკულად, აღარ არის შესაბამისი ტექნიკა იმისთვის, რომ მობილიზებულმა ხალხმა წვრთნა გაიაროს. სატანკო და საავიაციო ქარხნები, შეიძლება ითქვას, რომ ჭრიალით მუშაობენ. 25 კი არა, თუ უნდათ 50 მილიონი შეაგროვონ, თუ ვერ შეაიარაღებენ, რა უნდა გააკეთებინონ ამ ხალხს?! თუმცა, ერთი რუსული გამოთქმაა, „ტრუპამ ნე ზაკიდაემ“, ე.ი. იმდენი დაუმარხავი მიცვალებული იქნება, მოწინააღმდეგე წინ ვერ წამოვაო. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იყენებდნენ ამ თეზისს რუსი პოლიტიკოსები და მეფეები. ასე რომ, მათგან გასაკვირი არაფერია.
- თუ რუსეთს ძალიან გაუჭირდება ბირთვული იარაღის თემას ხომ არ გაააქტიურებს?
- არა მგონია, მობილიზაციის საკითხი მიბიძგებს ვიფიქრო, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი აღარ იქნება.
- ცხადია, საზარბაზნე ხორცად გადაქცევა არავის უნდა, თქვენც აღნიშნეთ, რომ რუსული საზოგადოება უკვე გამოხატავს უკმაყოფილებას მობილიზაციის გამო. საქართველოს საზღვრებთან კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ რუსებს?
- ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ბელორუსიის 5 ათასი მოქალაქე აღმოვაჩინეთ საქართველოში, რომლებიც ომში სავარაუდო გაწვევას გამოექცა. ახალგაზრდა რუსების რაოდენობას თავადაც კარგად ხედავთ ქუჩაში, ამას დათვლაც კი აღარ სჭირდება. მე მგონია, რუსეთიდან თავის დაღწევას კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შეეცდება, თუმცა, რუსეთში უკვე გაამკაცრეს კანონი დეზერტირებისთვის.
- ნაციონალური ბატალიონების საკითხი აფხაზებსა და ოსებში რა განწყობებს შექმნის?
- კარგია, ეს რომ მკითხეთ. აფხაზური ბატალიონი, რომელსაც ახრა ავიძბა მეთაურობს ისედაც იბრძვის 2014 წლიდან, სეპარატისტული დონბასისა თუ დონეცკის მხარდასაჭერად. ბოლო კვირის განმავლობაში ორი მოხალისე ჩამოასვენეს. ერთს ქართული გვარი აქვს. ძალიან საინტერესო ამბავი ის არის, რომ ნაციონალური ბატალიონების შექმნის ერთ-ერთი იდეოლოგი გახლავთ ჩრდილო ოსეთის დღევანდელი ხელმძღვანელი გვარად მენიაილო - გარუსებული უკრაინელია. როგორც ჩანს, ოსი ახალგაზრდების ბედი მას დიდად არ ანაღვლებს. ნაციონალურ რესპუბლიკებს შორის, რიცხობრივად ყველაზე მეტი ბატალიონი სწორედ ჩრდილო ოსებმა შეადგინეს, რა თქმა უნდა, კადიროვის მერე. საქმე ის არის, ამ მენიაილოს მიერ დაკომპლექტებულ ბატალიონებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრნიც მოხვდნენ. ე.ი. როგორც აფხაზური წყაროები ამბობენ, აფხაზებს უკვე ჰყავთ 80 დაღუპული, ოსებს კიდევ უფრო მეტი. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ტყვედ ჩავარდნილ ოსებს შორის უმრავლესობა სანიტარი, კავშირგაბმულობის მუშაკი, მძღოლი ან არმიის სხვა დამხარე სპეციალისტია ვიდრე, მეომარი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოსებს ომში მონაწილეობის დიდი სურვილი არ აქვთ.
- საბოლოოდ, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ფრონტის ხაზის სურათს როგორ შეცვლის?
- საქმე იმაშია, რომ უკრაინელებს ამ წუთში მობილიზებული ჰყავთ 700 ათასი მეომარი, მათ შორის, ბევრი გამოცდილი. რა თქმა უნდა, ახლა ამ კონტინგენტს გაზრდიან და ფრონტის ხაზზე 500 ათასიდან, მილიონამდე ჯარისკაცს გამოიყვანენ, მაგრამ შესაბამისად ვერ შეაიარაღებენ. ამ მოცემულობის ფონზე, თუ ლენდლიზიც დროულად ამოქმედდა, უპირატესობა უკრაინელების მხარეს იქნება. ამ ომში ჯარისკაცები რაოდენობას მნიშვნელობა აღარ აქვს, ახლა მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნოლოგია. ასე რომ, მედალს ორი მხარე აქვს, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის სახიფათოა, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა, თავად რუსეთისთვისაც.
ავტორი - ხათუნა ბახტურიძე