მამუკა მდინარაძე - ვინც მხოლოდ პასუხზე "ბრაზდება", ის "ტრენდს" აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია
25 ივლისი, 2022
"კაგებეს" აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებებს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მისამართით. როგორც მდინარაძე აცხადებს, მსგავსი კითხვები „უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა, ამავდროულად“. „და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე "ბრაზდება", ის "ტრენდს" აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს”,- წერს მდინარაზე სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა: „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.