მამუკა მდინარაძე: პარტია "ნაციონალური მოძრაობა" წლებია აღარ არსებობს
„ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს. უკვე წლებია, „ნაცმოძრაობა“ მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიას აცოცხლებენ კონკრეტული მედიასაშუალებები და მათი დამფინანსებლები.
„ბოლო წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ერთი გაკეთებული საქმე არ არის. ბოლოს როდის ნახეთ, მათ მიერ დაყენებული რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყანას რაიმე ელემენტარულ სარგებელს მოუტანდა? ეს პარტია არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება. ხელისუფლების დაზიანება დაიწყეს და დღეს ერთმანეთს აზიანებენ. ეს პარტიაც აღარ არსებობს, რადგან ისინი ქვეყნის ჩამოქცევის გეგმიდან ერთმანეთის ჩამოქცევაზე გადავიდნენ ერთადერთი მიზეზით, ვინ განკარგავს ოლიგარქების ფულს, ამაზე ერთმანეთის დაჭმა“, – განაცხადა მდინარაძემ.