მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს - ვერ აკონკრეტებთ ლარსზე აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც საცობია გადაღებული - ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს
22 სექტემბერი, 2022
ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იმას ემსახურება, რომ ამ ანტირუსული ისტერიის ფონზე და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ასეთი აჟიტირებული კამპანიების ფონზე, ჩვენ რაღაც პასუხები თავის მართლების რეჟიმში გაგცეთ, მაგრამ თავის სამართლებელი არაფერია, არაფერი ხდება ისეთი, რასაც არ აკონტროლებს ქართული სახელმწიფო, უსაფრთხოების სამსახურები და არაფერი ხდება ისეთი, რასაც ასეთი ისტერია შეიძლება სჭირდებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გაზრდილია.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ისტერია ხელს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს საქართველოს დაზიანებისთვის.
„ნაცმედიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულაციებს ითხოვდნენ როდესაც ომი დაიწყო და თითქოს წაგვლეკეს რუსებმა - აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ უკვე რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 10% საქართველოში დარჩაო - აღმოჩნდა ტყუილი, შემდეგ ფორმულირება გამოიტანეთ ასეთი, რომ რამდენიმე ათასეული რუსული ბიზნესი დარეგისტრირდაო - ეს ბიზნესი აღმოჩნდა ინდმეწარმეები, ძალიან ცოტა შპს და ეს ბიზნესების დარეგისტრირება და ამუშავება საქართველოში აღმოჩნდა ტყუილი. ახლა მეოთხე ტალღაზე უნდა გიპასუხოთ, თან ვერ აკონკრეტებთ აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც ვიზუალურად ავტომანქანების საცობი იქნა გადაღებული და ახლა ამაზე უნდა დავაწესოთ რეგულაციები. ასეთი სერიოზულობის არის ყველა ის ტალღა, რომელიც ამ რუსულთან დაკავშირებულ ისტერიას ეხება და ამ დროს ამ ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, რომელმაც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, სავიზო რეჟიმი გაუუქმა რუსებს. ამ ადამიანის ლიდერობით არის ეს ისტერია ატეხილი და ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ საცობი რომ შეიქმნა ლარსზე, ამასთან დაკავშირებით შემოვიღებთ თუ არა რეგულაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას ვერ ახერხებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომის პირობებში საქართველოზე ეკონომიკურად 10-ჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპის წამყვანი და ჩვენზე მათ შორის ეკონომიკურად ათჯერ ძლიერი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას, თან იმ ფონზე, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, როგორ ესხმის უკრაინას და უკრაინელ ხალხს რუსეთი, ამ ფონზე ვერ ხერხდება ევროპული ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და ამ ფონზე როდესაც საქართველოს ამუნათებენ ჩვენი ოპონენტები, მათი პატრონები, დავალების მიმცემები, ლობისტები თუ ა.შ. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც, სამწუხაროდ, მასზე 10-ჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ, ეს რამდენად ლოგიკურია და რისკენ არის მიმართული, ალბათ, ძალიან მარტივი გასაშიფრია“, - განაცხადა მდინარაძემ.