მატჩის დღე: საქართველოს ნაკრები დღეს ნორვეგიას შეხვდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 სექტემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ოსლოში გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ულევაალ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.
ვილი სანიოლი: „ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული 2 წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია. არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ესპანეთთან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა შესანიშნავი სპორტი, რადგან წარმატების შემდეგ, ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ მიზეზების დასადგენად. ჩემთვის, ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია. ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ. უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული 2 წლის განმავლობაში კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, ყოველთვის ვიპოვოთ გამოსავალი. ესპანეთთან მარცხი, რა თქმად უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც 3 დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა".
ოთარ კიტეიშვილი: „ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული თამაში გველის. ახლა მეტოქეა მასპინძელი, ჩვენ კი, სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მარცხი ვიწვნიეთ. აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში ამ შესარჩევ ციკლში. ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთვის დიდი გამოცდილება იქნება მომდევნო მატჩი. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ."
ნორვეგიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.