„მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება - „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს
13 სექტემბერი, 2022

„მაუწყებლობის შესახებ” კანონს “პასუხის უფლების” შესახებ სპეციალური მუხლი ემატება.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტში, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით წარდგენილია პროექტი, რომელიც იმ პირთა უფლებას ადგენს, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი, სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა.
კანონპროექტით პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა. პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.
მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.