მედეა მეტრეველი - გელათის გარშემო ვითარება უზომოდ დამძიმებულია
3 სექტემბერი, 2022

"ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობები დღითიდღე მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებების კარჩაკეტილობაა," - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთი ლიდერი, მედეა მეტრეველი გელათის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც მეტრეველი ამბობს, ექსპერიმენტები, რომელსაც ხელისუფლება ძეგლზე ატარებს შეუქცევად ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას.
„გელათის გარშემო ვითარება უზომოდ დამძიმებულია. არ მთავრდება ახალ-ახალი ექსპერიმენტების ჩატარება. 2019 წლიდან მოყოლებული დაშვებული არაერთი შეცდომის, გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობები მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებების კარჩაკეტილობა, გაუმჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილებები, გადამალული საერთაშორისო კრიტიკული დასკვნები და შეფასებებია. ნუთუ გამუდმებით იმის შეხსენებაა საჭირო, რომ გელათი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საჯარო უწყების კუთვნილება და მისი რეაბილიტაციის გარშემო არსებული ხარვეზებზე საჯაროდ საუბარი არ უნდა შეირაცხოს პოლიტიკურ პროცესად?! ამაზე უნდა ვისაუბროთ საჯაროდ ყველამ, ძალიან ხმამაღლა და ძალიან ხშირად, გავხადოთ პროცესი გამჭვირვალე, ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. მხოლოდ ასე შევძლებთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას”, - აცხადებს მეტრეველი.
