მედიის ცნობით, ავდეევკაში უკრაინელი სამხედროების ნაწილი მძევლად აიყვანეს
ავდეევკაში ბრძოლა გრძელდება, თუმცა უკრაინელები უკან იხევენ, – ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს.
„ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, რუსულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც რუსი სამხედროები დროშებით ხელში ავდეევკის ცენტრში გადაადგილდებიან.
ამასთან, როგორც უკრაინული ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, ავდეევკაში მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინული სამხედრო დანაყოფები გადიან დანგრეული პოზიციებიდან და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან, მაგრამ სამხედროების ნაწილი მძევლად აიყვანეს.
მისივე თქმით, ადგილზე ხდება რეზერვების გადასროლა, დაჭრილთა ევაკუაცია გართულებულია, თუმცა მაინც ხორციელდება.
ცნობისთვის, ავდეევკისთვის ბრძოლა რამდენიმე თვეა, გრძელდება. უკრაინელების ცნობით, ქალაქის დასაკავებლად რუსეთი დიდ რესურსს ხარჯავს და ელიტურ ძალებს იყენებს.