მედიის ცნობით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, უკრაინიდან 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა
30 აგვისტო, 2022
შეთანხმების გაფორმების შემდეგ, უკრაინიდან უკვე 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული პორტებიდან სურსათით დატვირთული 61 სატვირთო გემი გავიდა.
„როიტერი“ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინული პორტები დღეს 183 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა.
არსებული მონაცემებით, უკრაინიდან გატანილი პროდუქციის 62 პროცენტს სიმინდი შეადგენს, მეორე ადგილზე 17 პროცენტით ხორბალია, ხოლო შემდეგ მოდის ქერი 6 პროცენტით. ასევე, უკრაინიდან მზესუმზირის, სოიოს და სხვა პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ოქტომბრის ბოლომდე 6-6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.