მედიის ცნობით, სომხეთის, ყაზახეთისა და ვიეტნამის ბანკებმა რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეაჩერეს
21 სექტემბერი, 2022
სომხეთის, ყაზახეთისა და ვიეტნამის ბანკებმა რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათების მომსახურება შეაჩერეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Izvestia წერს.
ვიეტნამურ ბანკ BIDV-ში გამოცემას განუცხადეს, რომ ემსახურებიან VISA-ს, Mastercard-ის, Western Union-ის, JCB-ს, UnionPay-ის ბარათებს, მაგრამ Mir-ის ბარათები ჩამონათვალში მითითებული არაა. ყაზახეთის სახალხო ბანკში ასევე დაადასტურეს, რომ რუსულ ბარათებს აღარ ემსახურებიან.
სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კომერციული საკრედიტო ორგანიზაციები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე. სომხური მედიის ცნობით, Mir-ის ბარათების მფლობელები ბანკომატებში ფულის განაღდებას ვერ ახერხებენ.
19 სექტემბერს თურქულმა ბანკებმა Is Bankasi და DenizBank უარი თქვეს Mir-ის ბარათების მომსახურებაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ის მიერ გაცემული გაფრთხილების ფონზე, რომ რუსეთის ფარგლებს მიღმა Mir-ის მიმღებ ორგანიზაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ.