მეორე მსოფლიო ომში გაწეული დანაკარგებისთვის, პოლონეთი გერმანიისგან 1 ტრილიონ დოლარზე მეტს მოითხოვს
1 სექტემბერი, 2022

პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რეპარაციის სახით გერმანიისგან 1,3 ტრილიონ დოლარს მოითხოვს. ასე შეაფასა ქვეყანამ თავისი დანაკარგები მეორე მსოფლიო ომის დროს.
ვარშავის განზრახვა, ოფიციალურად მოითხოვოს კომპენსაცია ბერლინისგან, ხუთშაბათს გამოაცხადა პოლონეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ("კანონი და სამართლიანობა") ხელმძღვანელმა, იაროსლავ კაჩინსკიმ. საუბარია 6,2 ტრილიონ პოლონურ ზლოტზე, რაც დაახლოებით 1,32 ტრილიონი დოლარია. თანხა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაადგინა - იუწყება Reuters.
„ზარალის ოდენობა გამოითვალა შედარებით შეზღუდული, კონსერვატიული მეთოდით და შეიძლება მეტიც ყოფილიყო“, - თქვა კაჩინსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა 1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანიის პოლონეთში შეჭრის 83-ე წლისთავს.
გერმანიის ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ვარშავის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
