მეუფე შიო - ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ - რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია - მიმართონ ღმერთს

ამბები
მეუფე შიო - ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ - რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია - მიმართონ ღმერთს
ამბები

მეუფე შიო - ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ - რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია - მიმართონ ღმერთს

9 ოქტ

erimedia_ravk/2gvgqRIVg.jpeg

ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ - რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია - მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით,უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება და თუ მის გარეშე დავრჩებით, მაშინ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება შეიძლება შეგვემთხვეს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ.

უფალი იესო ქრისტე გენესარეთის ტბასთან იდგა, ქადაგებისთვის ემზადებოდა, მას ხალხის სიმრავლე ავიწროებდა და ნაპირთან ორი ნავი დაინახა. მებადურები, მომავალი მოციქულები: პეტრე, იაკობი და იოანე თავიანთი ნავებიდან გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ. უფალი პეტრეს - სვიმონის (როგორც მოგეხსენებათ, მაშინ სვიმონი ერქვა) ნავში შედის, უბრძანებს მას, რომ ცოტათი გაშორდეს ნავით ნაპირს და იწყებს ნავიდან ქადაგებას.

იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იესო ქრისტეს მოქმედებას, რომ ამ ეპიზოდში საერთოდ არ არის ნახსენები მისი ქადაგების შინაარსი. შემდეგ, როდესაც მან ქადაგება დაასრულა, ეტყვის პეტრეს, "შესცურე სიღრმეში და მოისროლე ბადე თევზის დასაჭერად". პეტრე მიუგებს, მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთო. წარმოიდგინეთ, რომ პეტრეც, მისი მეგობრებიც, იქ მყოფი ყველა მეთევზე, ბავშვობიდან იქ თევზაობენ, იქ გაიზარდნენ, მათი მამებიც, მათი წინაპრებიც - ყველა მეთევზური იყო, იქ იცოდნენ ყოველი დინება, ყოველი შესართავი, ყოველი ნაკადი, თევზჭერის საუკეთესო ადგილები და უცებ მოდის ადამიანი, რომელიც არც მეთევზეა, არც ბადით არავის უნახავს და ეუბნება მათ, რომ მოისროლონ ბადე თევზის დასაჭერად, როცა მთელი ღამე ითევზავეს. ნახეთ, პეტრე რა საოცარ რამეს ეტყვის პასუხად: „მაგრამ შენი სიტყვებით მოვისვრიო“. ე.ი. ასეთ მორჩილებას გამოიჩენს. მართლაც, მოისვრის ბადეს და ისეთი უხვი თევზჭერა იწყება, რომელიც მათ საერთოდ არ უნახავთ არასდროს, ბადეებიც კი სკდება ამ თევზის სიმრავლისგან, ორივე ნავი ივსება და შემდეგ ეს ნავები ჩაძირვას იწყებს.

აქედან ჩანს, როგორ დააჯილდოვა უფალმა ადამიანი, რომელიც მოემსახურა საღვთო საქმეს და თან ასეთი მორჩილება გამოიჩინა, იმიტომ, რომ ღმერთისთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, ქრისტეს სიტყვის ქადაგება - ეს არის უაღმატებულესი საქმე. ამას მოემსახურა მომავალი მოციქული, სვიმონი, რომელმაც თავისი ნავი, თავისი დრო და თავისი შრომა დაუთმო მას.

აქედან ასევე იმას ვსწავლობთ, თუ რა ძალა აქვს უფლის სიტყვას, უფლის ლოცვა-კურთხევას, რომ მთელი ღამე იშრომეს, ვერაფერი დაიჭირეს და მხოლოდ იესო ქრისტეს ერთი სიტყვით და ლოცვა-კურთხევით ასეთი უხვი შემოსავალი მიიღეს. აი, რა ძალა აქვს უფლის სიტყვას და ლოცვა-კურთხევას.

სამწუხაროდ, დღესაც ჩვენს ცხოვრებაშიც ასე ხდება, რომ ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია, რომ მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება.

როგორც გახსოვთ, უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ადასტურებს ამას, რომ „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“. ასევე შეგახსენებთ წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებს, რომ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი“. ასე რომ, უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ ვისაც ეს ლოცვა-კურთხევა არ აქვს, თუ დაგვავიწყდება ეს და მის გარეშე დავრჩებით, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება შეგვემთხვეს უამრავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, მარცხი ბოროტი სულებისგან, უკეთური ადამიანებისგან და ასევე ჩვენივე თავისგან, ჩვენივე ვნებებისგან, ჩვენივე წინდაუხედაობისგან. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია და აუცილებელიც, ვეძიოთ უფლის ლოცვა-კურთხევა და ზეგარდამო შეწევნა და მფარველობა.

შემდეგ, ამ საოცრებას რომ შეესწრებიან პეტრეც, იაკობიცა და იოანეც, მათ შიში ეუფლებათ, თავზარი ეცემათ შიშისგან. პეტრე მუხლებში უვარდება ქრისტეს და ეტყვის: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ერთად ამ ნავში ვიყო, იმიტომ, რომ ცოდვილი კაცი ვარო“. აი, ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩვენთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ პეტრემ, ამ მოვლენიდან გამომდინარე, დაინახა თავისი ცოდვილობა, შეიგრძნო ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება სწორედ ეს გახლავთ, რომ ჩვენ, ყველა, ვართ ცოდვილი ადამიანები. მან ეს შეიგრძნო და აღიარა.

როგორც გახსოვთ, ღადარინელებიც ეტყვიან იესო ქრისტეს, რომ „მოგვშორდი, უფალო, ჩვენ“. იმავე სიტყვებს ამბობენ, მაგრამ ისინი ამბობენ იმიტომ, რომ თავიანთი ღორები დაენანათ, პეტრემ კი ეს სიტყვები წარმოთქვა საკუთარი უღირსების შეგრძნების გამო, უფალთან სიახლოვით პეტრემ დაინახა, რომ მას არ ძალუძს, დაიტიოს ეს სიახლოვე, ადამიანს ეს არ შეუძლია, ეს დაიტიოს და ამავე დროს ცოცხლად დარჩეს. ამიტომ ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს.

შეიძლება ჩვენ ასეც ვიფიქროთ, რომ ხომ არ ჯობდა პირიქით ეთქვა - „ნურასდროს გამშორდები, უფალო“ - როცა ასეთი დიდება იხილა, მაგრამ ამ სიტყვებს იგი მომავალში იტყვის. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარს შემოეფანტება მოწაფეთა უმეტესობა, დარჩება მხოლოდ თორმეტი, იგი თავის თავის მოწოდებაზე, ევქარისტიაზე, თავის სისხლსა და ხორცზე საუბრობს, და მაშინ ბრკოლდება ბევრი და გარბის. ქრისტე ეკითხება თორმეტ მოციქულს: „თქვენც ხომ არ გინდათ, წახვიდეთ?“ მაშინ პეტრე უპასუხებს: „ვისთან მივიდეთ, უფალო? შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. მერე იტყვის ამას პეტრე, ამჟამად კი, ახლა, ამ ეპიზოდში იწყება მისი სულიერი ცხოვრება და ის იწყება საკუთარი ცოდვების განცდით და ღვთის შიშით, იწყება მისი სიწმინდე. ასევე, ყოველი ადამიანის სიწმინდე და სულიერი ცხოვრება იწყება სწორედ ღვთის შიშით, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, რომ „დასაწყისი სიბრძნისა არის შიში უფლისა“.

შემდეგ უფალი ეტყვის მათ, რომ „ნუ გეშინიათ, ამიერითგან იქნებით კაცთა მესათხევლე“, ე.ი. კაცთა მონადირენი, მოინადირებთ ადამიანებს ცათა სასუფევლისთვის.

ეს ეპიზოდი მთავრდება იმით, რომ მომავალი მოციქულები, ეს მებადურები, ტოვებენ ამ საოცარ შემოსავალს, ტოვებენ თავიანთ ნავებს, ამ ბადეებს, თავიანთ ოჯახებს, საერთოდ ყველაფერს ტოვებენ, შეუდგებიან ქრისტეს და ხდებიან მისი მოციქულები. ესეც დიდი გაკვეთილია ჩვენთვის იმ სხვა სიქველეებთან და სათნოებებთან ერთად, რაც მათ გამოავლინეს: მორჩილება, ლოცვა-კურთხევის შესრულება, დიდი სიმდაბლე. ასევე ის, რომ მიუხედავად ასეთი შემოსავალი მიღებისა, ისინი არ მოიხიბლნენ ამ მატერიალური ფასეულობით, არ მიეჯაჭვნენ ამას გულით, არამედ ზეცად აღაპყრეს თავიანთი გონება, იფიქრეს ღმერთზე და შეუდგნენ ქრისტეს.

აი, მაგალითი ჩვენთვის, რომ როდესაც ჩვენც შეგვეწევა ღმერთი ჩვენს მიწიერ და ამქვეყნიურ საქმეებში, არ მოვიხიბლოთ ამ კეთილდღეობით, არ მივეჯაჭვოთ მას, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომ „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი მოგეცემათ თქვენ“, და იქნებით მკვიდრნი სასუფევლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვლოცავთ შაორშაძეების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო