მიხაილო პოდოლიაკი - რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები, მით უფრო მალე დასრულდება ომი
24 ივლისი, 2022
რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე დაწერა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და შეამცირებს ეკონომიკურ ზეწოლას ევროპაზე.
,,მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების შანტაჟი. HIMARS - რუსული ამპარტავნების მშვენიერი "გადამრთველი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით.
შეერთებულმა შტატებმა უკვე უკრაინას 12 "ჰაიმარსის" სისტემა უკვე მიაწოდა და ამ კვირაში აღნიშნა, რომ კიდევ ოთხი ასეთი სისტემის გადაცემას აპირებს.