მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც მოსამართლემ განმარტა, წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
დილიდან იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მივიდოდა. ადვოკატების თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა სხდომას დასწრებოდა და განცხადება გაეკეთებინა.
"პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები. დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და გადაყვანა და არც ერთ შემთხვევაში, მისი აქ ყოფნისას არც ერთ ეტაპზე, სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია," - აცხადებს "ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე.
მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში ოჯახის წევრები და მხარდამჭერებიც ელოდებოდნენ.