მოქნილი სისტემა სტუდენტებს - რა შემთხვევაში ჩაეთვლებათ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭიროა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. შესაბამისად, 23 წლის ასაკამდე სტუდენტებს, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო წვრთნა სტუდენტობის პერიოდშივე გაიარონ, 4 წლის ვადაში შეეძლებათ ამ პროგრამაში ჩართვა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
„წელიწადში დაახლოებით ერთთვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლიან სამხედრო-საბრძოლო მომზადების პროგრამას. 4-წლიანი პროგრამა იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად ჩავუთვლით და მიენიჭებათ რეზერვისტ-რიგითის სამხედრო წოდება“, - განაცხადა პრემიერმა
პრემიერის თქმით, ჯამში, 4 წლის თავზე, წელიწადში 10 ათასამდე წვევამდელი მომზადდება - აქედან ნახევარი წვევამდელი იქნება, ნახევარი კი სტუდენტები.