მოსკოვის პროკურატურა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეებს “თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა” ემუქრებათ
21 სექტემბერი, 2022
მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს “თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა” ემუქრებათ.
ამის შესახებ ინფრომაცია უწყების ვებგვერდზე განთავსდა.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღეისთვის დაანონსებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ ქვეყნდება.
“ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსკოვში საჯარო აქციებში მონაწილეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდებით. ეს მასობრივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კანონით დადგენილი წესით არ იყო შეთანხმებული”, - წერია განცხადებაში.
მოსკოვის პროკურატურა აღნიშნავს, რომ სოცქსელებით, ფორუმებით და სხვა ვებგვერდებით “მსგავსი მასალების გავრცელება”, მოზარდების უკანონო ქმედებებში ჩართვა, ასევე უკანონო აქციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დასჯას, “მათ შორის თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთის სახით”.