მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გიორგი (გოგი) ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გიორგი (გოგი) ხარაბაძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ადასტურებს.
გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.
1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
პირველი კინოროლი 1966 წელს შეასრულა, ოთარ იოსელიანის ფილმში "გიორგობისთვე".
შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), „აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.
გამოცემული აქვს ბიბლიის, „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.
გოგი ხარაბაძე რვა წიგნის ავტორია: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.
გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1976) და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის (1987) ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი (2017) ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ (2012).