მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს

მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უფრო დეტალურად გვექნება პრეზენტაცია. უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტები,“ - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ამასთან, საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილების რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება.