ნავთობი გაძვირებას განაგრძობს - Brent-ის ფასი 105 დოლარს მიუახლოვდა
30 აგვისტო, 2022

ნავთობის ფასი იმატებს. აგვისტოს შუა რიცხვებში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ღირებულება თანდათან იზრდება და დღეს, 30 აგვისტოს, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 104.5 ამერიკული დოლარია, ერთი ბარელი WTI კი 97 დოლარი ღირს.
ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად კვლავ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდების შემცირებასთან დაკავშირებული რისკები სახელდება.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის უმსხვილესი მწარმოებლის, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ OPEC-მა შესაძლოა, წარმოება შეამციროს. ამის მიზანი დაკლებული ფასის კორექტირება იყო - გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ექსპორტიორებს სწორედ მაღალი ფასები და მეტი მოგების მიღება სურთ. 92 დოლარამდე გაიაფებულმა Brent-მა და 86 დოლარამდე გაიაფებულმა WTI-მ გაძვირება სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწყო.
ჯერ კვლავ უცნობია, რამდენით ან საერთოდ შეამცირებს თუ არა OPEC+ მიწოდებას. შეხვედრა OPEC-ის, რუსეთისა და სხვა მოკავშირე მწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.
კიდევ ერთი მიზეზი ლიბიაში არეულობა იყო, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გააჩინა რისკი, რომ OPEC-ის წევრი ქვეყანა შესაძლოა სრულმასშტაბიანმა კონფლიქტმა მოიცვას და ნავთობის მიწოდება შეფერხდეს.
მიუხედავად ფასის ზრდისა, გამყარდა დოლარიც და 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც ამერიკის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომი პაუელმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა კიდევ 75 საბაზო პუნქტითაა მოსალოდნელი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება, რამაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებისთვის მოგების მიღება შეაფერხა.
