ნიდერლანდებში, დელფტის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, მონოდრამა „მარო“-ს პრემიერა გაიმართა
6 აგვისტო, 2022

2022 წლის 5 აგვისტოს, ნიდერლანდებში, დელფტის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე (Delft Chamber Music Festival), მუსიკალურ-ანიმაციური მონოდრამის „მარო“-ს პრემიერა გაიმართა, რომელიც ევროპელ მსმენელს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ცხოვრების ამბავს მოუთხრობს.
მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის არის განკუთვნილი, იგი მარო მაყაშვილის დღიურებს ეფუძნება და ქართველი, პოლონელი, ნიდერლანდელი და გერმანელი არტისტების კოლაბორაციით შეიქმნა.
მაროს პარტიით მსმენელის წინაშე მეცო-სოპრანო, ნანა ძიძიგური წარსდგა. მონოდრამის ტექსტის ავტორი ქართველი მწერალი, სალომე ბენიძე გახლავთ, მუსიკა და ანიმაცია კი ჰოლანდიელი კომპოზიტორის, თომას ბაიერის შექმნილია. აქტის რეჟისორია გერმანელი დრამატურგი, კლაუს ბერტიში. მუსიკა პოლონურმა ორკესტრმა Meccore String Quartet და პიანისტმა, ნინო გვეტაძემ შეასრულეს, რომელიც, ამავდროულად, დელფტის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. სწორედ ნინო გვეტაძის იდეა იყო ევროპისთვის მარო მაყაშვილის გაცნობა.
მონოდრამის პრემიერას საზოგადოება ოვაციებით შეხვდა. დარბაზში ადგილობრივ მსმენელთან ერთად იმყოფებოდნენ მარო მაყაშვილის ოჯახის წევრები, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.
აღსანიშნავია, რომ დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი წელს 25 წლის იუბილეს ზეიმობს.

