ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას
15 სექტემბერი, 2022

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა.
“ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ აყვეთ მანიპულაციას. არც ერთი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება. ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით“, - ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ მშვიდობის სახელით რთული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
„ჩვენ გვინდა, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რის შედეგადაც ჩვენ გაგვაკრიტიკებენ, შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, მოღალატეებს გვიწოდებენ, ხალხმა შეიძლება ჩვენი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც კი გადაწყვიტოს. მადლიერები ვიქნებით, თუ შედეგად სომხეთი, რომლის ფართობიც 29 800 კვადრატული კილომეტრია, გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას მიიღებს. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს, მე რა მომივა, მე მაინტერესებს, რა დაემართება სომხეთის რესპუბლიკას“, - განაცხადა ფაშინიანმა.
„ფეისბუქი“-ს პოსტიდან რამდენიმე წუთში ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განმარტა, თუ რატომ გამოვიდა ასეთი სიტყვით.
„რატომ ვისაუბრე ამის შესახებ? - დღეს სომხეთის რესპუბლიკის ხელყოფა ხდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ განიხილება. ჩვენ გვეუბნებიან: დერეფანი. ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის გავლით არ მოხდება დერეფნის უზრუნველყოფა. ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს საზღვრიდან ჯარისკაცები რეკავენ და კითხულობენ, მართალია თუ არა, რომ შეთანხმება გაფორმდა და საზღვარს აღარ ვიცავთ? მეუბნებიან, რომ აზერბაიჯანული ვებგვერდები მსგავს სათაურებს ავრცელებენ. ჩვენ ვპასუხობთ, რომ მზად ვართ კომპლექსური გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენი სამშობლო სიწმინდეზე მეტია და მასზე მოლაპარაკება არ შეიძლება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე მტკიცებით, არ არსებობს არც არავითარი მსგავსი დოკუმენტი და არც ამ დოკუმენტის პროექტი.
„თუ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ მივადგებით ისეთ დოკუმენტს, რომელიც არ იქნება ჩვენთვის საოცნებო, მაგრამ, ამის მიუხედავად, განსჯის და ანალიზის შედეგად, ჩავთვლით, რომ სომხეთს ის გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას მოუტანს, ჩვენ ამ მიმართულებით წავალთ. ხალხი გვკითხავს, რატომ მოვაწერეთ ხელი ასეთ დოკუმენტს, თუმცა, ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია სომხეთს მოუტანოს მშვიდობა და უსაფრთხოება უახლოესი 100 წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენთვის არ უნდა იყოს მომგებიანი. 2018 წელს მე ვთქვი, რომ გადაწყვეტილებები ყველასთვის მომგებიანი უნდა იყოს, რათა იყოს სიცოცხლისუნარიანი“, - განაცხადა ფაშინიანმა.