ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსს (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) მე-2 წრეში დაემშვიდობა.
30 წლის ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 4:6, 2:6 წააგო. თამაში საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და ნიკას 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მეტოქის მოწოდება ქართველმა ერთადერთხელ მოიგო, თავად კი 4-ჯერ დაბრეიქდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს 13 ვინერსის წილ 19 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, მეტოქე კი მხოლოდ 6-ჯერ შეცდა.
მასტერსის სასტარტო შეხვედრაში ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ქუენტინ ჰალისი (საფრანგეთი) 6:3, 6:4 დაამარცხა და ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
ATP-ს Live რეიტინგში ნიკას 575 ქულა აქვს და 95-ე ადგილზე იმყოფება. წლევანდელ კალენდარში წლის შემაჯამებელი ტურნირებიღაა დარჩენილი, ამდენად, ბასილაშვილს კორტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუკი ის ჩელენჯერებზე გამოსვლას გადაწყვეტს.