“შევძელით და მცირე დროში პირველი ქართული სინთეზატორის მოდული ავაწყვეთ, რომელსაც მწვანე შეფერილობის გამო Tarragon Series (ანუ „ტარხუნა“) ვუწოდეთ” - დავით მალანია და ივა სალუქვაძე პირველი ქართული მოდულარების მწარმოებელი კომპანიიდან "ამბიენტი".
5 აგვისტო, 2022

“9 თვის წინ პირველი აუდიო პროდუქტის დიზაინი შევქმენით და გადავწყვიტეთ იგი რეალობად გვექცია. მარტივი ჩანდა: შევქმენით კონცეფცია, ლოგო, ბრენდინგი. მოკლედ, ვიზუალური ნაწილი მზად იყო, მაგრამ არ ვიცოდით თვითონ პროდუქტი როგორ შეგვექმნა. საერთოდ, უნდა შეგვექმნა?! სჭირდებოდა ვინმეს?!
ამიტომ, გავაკეთეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში არანაირი მსგავსი მიმართულების აუდიო პროდუქტი არ იწარმოება. გამოდის, პირველები ვართ?!
პირველობის ფაქტორმა ჩვენზე ძალიან დადებითად იმოქმედა, რადგან ბაზარზე კონკურენტი არ გვყავდა. დავიწყეთ პირველი პროდუქტის პროტოტიპირება, რომელიც დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა. ნული გამოცდილებით ელექტროობისა და ტექნიკური წარმოების სფეროში, შევძელით და ამ მცირე დროში პირველი ქართული სინთეზატორის მოდული ავაწყვეთ, რომელსაც მწვანე შეფერილობის გამო Tarragon Series (ანუ „ტარხუნა“) ვუწოდეთ.
„ამბიენტის“ წამოწყების დღიდან, მას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ქართულ აუდიო-მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობენ. მეორე მოდულის შექმნისათვის ნაკლები დრო დაგვჭირდა, თუმცა, ჩვენი გამოუცდელობის გამო, მაინც ბევრ სირთულეს წავაწყდით. ყოველი ახალი პროდუქტის შექმნისას, ბევრ სიახლეს ვიგებდით და ძალიან დიდ გამოცდილებასაც ვიძენდით. უცებ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩვენი სტარტაპი „მერჩი“ შეგვექმნა. შევკერეთ მაისურები, დავბეჭდეთ და დავდეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. დიდი იმედი არ გვქონდა, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, მაისურები ძალიან მალე მთლიანად ამოიყიდა. ჩვენთვის ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის უბრალოდ „რაღაც აუდიო მოწყობილობების სტარტაპი“ არ ვართ, რაღაც სასიამოვნო ემოციასაც ვანიჭებთ მას.
7 თვე გავიდა ახალი საქონლის ბაზარზე შემოტანიდან და ამ დროში ოთხი სხვადასხვა Tarragon Series სინთეზატორის მოდულისა და ერთი გიტარის ეფექტ პედალის გამოშვება მოვასწარით. ეგ არის, შევძელით და პირველი ქართული წარმოების მოდულარი შევქმენით.“ - წერს დავით მალანია.
ამა წლის სექტემბერში დავით მალანია და ივა სალუქვაძე მონაწილეობას მიიღებენ უორქშოპში, რომელსაც Creative Education Studio უმასპინძლებს.