ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა
1 სექტემბერი, 2022

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა. განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
„მოგმართავთ საზოგადოებაში გაჩენილ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია სპეკულაციებით, ჭორებითა და ბანალური სიცრუით ე.წ „მიწის გაყიდვის“ თემაზე. ვინაიდან არავითარი სურვილი არ მაქვს ჭორებს ვუპასუხო, პირდაპირ ფაქტებზე გადავალ.
როგორც კონსტიტუციაში ნათლად წერია, „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი“. ამდენად, მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს წესები უცვლელია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანიას განცხადებით, ის არის "კონსტიტუციის აღსრულების გარანტი" და აპირებს "მთელი პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ბჟანიამ განაცხადა, რომ აგარაკი რუსეთის ფედერაციის სარგებლობაშია 1995 წლიდან და იქ "რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურია" განთავსებული. მისივე თქმით, ისინი აპირებენ, რუსულ მხარეს გადასცენ მხოლოდ შენობა-ნაგებობები და არა მიწა. ასლან ბჟანია შეთანხმების რატიფიცირების მომხრეა.
საკითხმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დე ფაქტო პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე მწვავე კითხვები დაუსვეს.
