ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სამხედრო ასაკის მამაკაცებს ქალაქიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს
21 სექტემბერი, 2022

ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სამხედრო ასაკის მამაკაცებს ქალაქიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს, რათა პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არ აღმოჩნდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
“მოვუწოდებთ სამხედრო ასაკის მამაკაცებს დაუყოვნებლივ დატოვონ მელიტოპოლი. კრემლის დიქტატორმა ხელი მოაწერა მობილიზაციის შესახებ გამოცხადების ბრძანებას. ყველაზე მკაცრი ღონისძიებები გატარდება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მამაკაცებზე ნამდვილი ნადირობა იქნება გამოცხადებული,” - წერს ფედოროვი “თელეგრამში”.
მელიტოპოლის მერი მიიჩნევს, რომ 10 დღეში გადარჩენის შანსი აღარ დარჩება, ვინაიდან რუსეთის მიერ დასმული ადგილობრივი “ხელისუფლების” ბრძანებით, 1-ლი ოქტომბრიდან ზაპოროჟიეს ოლქის დატოვება მხოლოდ სპეცსაშვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.