ოლაფ შოლცს და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას G7 და G20-ის სამზადისი განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების შედეგებისა და "ჩრდილოეთის ნაკადზე" განხორციელებული დივერსიის თაობაზე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა.
"დღეს დილით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი, რომელიც ერთ საათზე ცოტა ნაკლებ ხანს გაგრძელდა, შეეხო G7 და G20-ის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებს. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრების ფარგლებში ასევე მოხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის შედეგებთან გამკლავების საკითხების განხილვა", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის და აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინი არ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების მიერთების საკითხს. შოლცმა და ბაიდენმა ასევე დაგმეს "კონფლიქტის ესკალაცია", გააკრიტიკეს "რუსეთის მუქარები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით", რასაც "უპასუხისმგებლო" და "რუსეთისთვის უკიდურესად სერიოზული შედეგების მომტანი" უწოდეს. მათ ასევე ისაუბრეს "რუსეთის მზარდი საერთაშორისო იზოლაციის" შესახებ. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ აშშ და გერმანია კვლავ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით.
გერმანიის კანცლერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრეს "ჩრდილოეთის ნაკადი"-ს და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენებზე მომხდარი დივერსიის შესახებაც და განაცხადეს, რომ საკვანძო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაზიანება "მიუღებელია" და მსგავსი ქმედებები საპასუხო ზომებს გამოიწვევს.