ოლივერ ვარჰეი: ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით
მომდევნო კვირეებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო, ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს", - აღნიშნა ვარჰეიმ.
მისი თქმით, საქართველოში უკვე ჩანს პოზიტიური ძვრები სასამართლო სისტემისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
"საქართველოს პოზიტიურ პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ", - განაცხადა ვარჰეიმ.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვია.